1. დედისტყვნა
- Mate Makashvili
- Dec 4, 2017
- 10 min read
წინასიტყვაობა:
ნუგზარ გომიაშვილმა 25 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში სულაც არ იყო ნუგზარ გომიაშვილი. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ... ჰმ... საიდან დაიწყო ყველაფერი? არ ვიცი, არსაიდან. ყველაფერი ყოველთვის დაწყებული იყო.

როცა ნუგოს ოთახში ლიზი შევიდა და პრინტერის გაკეთება სთხოვა, ნუგოს მაგიდაზე ჰქონდა ფეხები შემოწყობილი და ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ ფსიქოდელიურ ბაყაყებზე დოკუმენტურ ფილმს უყურებდა. ფილმს იუთუბზე ძრომიალისას შეთხვევით გადააწყდა და თვითონაც არ იცოდა, რატომ ჩართო. ყურებში ჯერ კიდევ ნარატორის მშვიდი ხმა ისმოდა, როდესაც ლიზის ახედა. რატომღაც გაიფიქრა: ალბათ, იმ ზღაპრებში, სადაც ბაყაყებს კოცნიან და ბაყაყები პრინცესებად გადაიქცევიან ხოლმე, ფსიქოდელიური ბაყაყები არიან, ზღაპრის გმირებს სინამდვილეში ჰალუცინაციები აქვთ და რეალურად, მაინც ბაყაყს ტყნავენ და პრინცესა გონიათო. ტვინი კიდევ გააგრძელებდა მსჯელობას და სიამოვნებით შეედავებოდა საკუთარ თავს - მთავარია შენ როგორ აღიქვამ, თორე დანარჩენი ყველაფერი ერთი ჯანდაბააო... მაგრამ ამ დროს ლიზიმ იმხელაზე იკივლა, რომ მისი ბგერის ტალღებმა ნუგოს აზრები ნაპირზევე დაახრჩო.
- რო გელაპარაკები არ გესმის? დროზე შემოდი, რა! პრინტერია გაფუჭებული. ათ წუთში მით აფია და ფრაფოუზალი მაქვს ამოსაპრინტი.
“ მით აფი!...ფრაფოუზალი!..“ გაღიზიანებულმა გაიმეორა გუნებაში ნუგომ, მაგრამ ლიზისთვის არაფერი უთქვამს და მშვიდად ჰკითხა:
- ჩართულია? - ნუგოს ეს უწყინარი კითხვა მარკეტინგის განყოფილების პოტენციურმა შეფმა ცინიზმად აღიქვა და აღელვება გაუორმაგდა.
- დებილი გგონივარ? პირველად კი არ ვბეჭდავ, ყველა კაბელი შევამოწმე და მაინც არ მუშაობს!
- ეჰ... - ამოიოხრა ნუგომ და ზოზინით წამოდგა. გუმანით გრძნობდა, რომ სისულელის გამო მოწყდა ბაყაყების სამყაროს.
როცა მარკეტინგის ოთახში შევიდნენ, ნუგომ პრინტერის და კომპიუტერის კავშირებს გადახედა. ამჯერად ყველაფერი ჩართული იყო, წესით უნდა ემუშავა. კომპიუტერს მიუჯდა და ის-ის იყო, პრობლემის გარკვევა უნდა დაეწყო, რომ ფურცლებისგან ცარიელი პრინტერი თვალში უშნოდ გაეჩხირა.
- სამწუხაროდ, პრინტერში თუ ფურცელი არ დევს, არაფერი დაიბეჭდება. - ცინიკურად ჩაიბურტყუნა და მარჯვენა ხელით უჯრიდან ფურცლების დასტა გამოაძვრინა.
- რაა? - შეიცხადა ლიზიმ. შინაგანმა ხმამ სირცხვილის სიხშირეების რყევა დაიწყო, მაგრამ ცნობიერმა მემ უმალ ხმამაღლა იმართლა თავი და შინაგანი ხმა დაახშო - წეღან იდო! - ისე თქვა, რომ საკუთარი ტყუილი თვითონვე დაიჯერა. “თავის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე სხვისიო,“ ხმადაბლა კი უთხრა ნუგოს წინ ამაყად ცხვირაწეულ ლიზის მეორე, ნამდვილმა მემ, მაგრამ, მისი ხმა ისე ისმოდა, როგორც წყალში ჩავარდნილი ადამიანის, მანქანის ფანჯრებზე რო ხელს აბრახუნებს და შველას ითხოვს. შესაბამისად, შექმნილმა ლიზიმ ვერც ახლა გაიგო ვერაფერი.
- აუ, ნუგო! ბარემ აქ ხარ და ჩემ კომპსაც შეხედე რა! რაღაც ძაან სლოუ მოუშენია. - სალომემ ნუგოს იქ ყოფნით სარგებლობა გადაწყვიტა. IT-ს სალომე იშვიათად აწუხებდა , ლიზისთან შედარებით უფრო ლამაზიც იყო, ამიტომ მის დასახმარებლად უფრო დიდი შემართებით მივიდა. ბევრი არაფერი ჭირდა. მალე გააკეთა. უცებ, სალომეს მაგიდაზე დაგდებული ბაყაყის ბრელოკზე ასხმული გასაღებები მოხვდა თვალში და უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა. ამ ბრელოკს ყოველდღე ხედავდა, მაგრამ დღეს სხვანაირად შეხედა. ცოტა შიშის და ცნობისმოყვარეობის სასიამოვნო გრძნობით.
- აუ ნუგსონ, ძმურად, შეგიძლია სახლის ლეპტოპი რო დამიაფგრეიდო? - გოგოებისგან განსხვავებით გიოს ხმაში თხოვნა უფრო იკითხებოდა, ვიდრე ბრძანება. თუმცა, სამსახურის ლეპტოპი რომ ყოფილიყო, შეიძლება ბრძანებადაც გაჟღერებულიყო. ნუგომ იფიქრა: ამათი დედაც მოვტყან, რადგან აიტი ვარ ყველაფერი მე უნდა მაკეთებინონ, ტვინის ოდნავ განძრევაც კი არ უნდათ, სამსახურის კომპიუტერები არ მეყოფოდა, ახლა სახლის ლეპტოპეპს მაკეთებინებენ, ამას რომ თანხმობა ვუთხრა მერე ყველა მე მომიზიდავს და ერთი ამათი დედაც მოვტყან, საერთოდაც წავალ სამსახურიდანო...
- კი, გაგიკეთებ, რა პრობლემაა, ხვალ მომიტანე. - საკუთარი პასუხი არ გაჰკვირვებია-ზუსტად იცოდა, რომ ასე ეტყოდა. ასეა სულ.
- კიდევ რამე ხო არ გინდათ? 5 წუთში ვამთავრებ მუშაობას და მოასწარით.
- აუ რას ამთავრებ, მითაფია 10 წუთში, ხო გითხარი?
- მერე როდის იყო აიტები მითაფებს ესწრებოდნენ?
- ძაან იმფორთანთ არი და რამე რო გახდეს უცბად საჭირო?- დამირკეთ და თიმ ვიუვერით შემოვალ.
- ხო, ოქეი, ოქეი, ძაან ზარმაცი ვინმე ხარ.
სანამ ლიზის და ნუგოს არაფრისმომცემი დიალოგი დასრულდებოდა, ნუგოს ტელეფონზე დიდი ხნის უნახავმა კლასელმა, ზურამ, დაურეკა. ეტიკეტით გათვალისწინებული- რას შვები, როგორ ხარ, ახალი რა არების შემდეგ, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და კომპიუტერში ვინდოუსის გადაყენება სთხოვა. სანაცვლოდ ძალიან მაგარ მაღარიჩს დაპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუგოს ძალიან შიოდა და სახლში წასვლა უნდოდა, ზურას მაინც დათანხმდა და შეპირდა, სამსახურიდან პირდაპირ შენთან მოვალო. ზურასთან ერთად გატარებული სკოლის დღეები გაახსენდა- ერთი დღე განსაკუთრებით.
იმ დღეს, სკოლის წინ მრევლმა რაღაც წმინდა ხატი ჩამოასეირნა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა. შატალოსთვის დიდებული მიზეზი იყო! მორწმუნე მასწავლებლებმა ნება დართეს წაყოლოდნენ მსვლელობას. ზურა და ნუგო ხვდებოდნენ, რომ ამ ამბავს მშობლებიც არ გააპროტესტებდნენ, მეტიც, შეიძლება ძალიან გახარებოდათ და 30 თეთრიანი კარტოფილის ღვეზელები ეყიდათ, რომლის სიგრძეც 56 სმ-ს აღწევდა. (56 სანტიმეტრს რომ აღწევდა, ეს ზუსტად იცოდნენ, რადგან ერთხელ დანიძლავდნენ და გაზომეს კიდეც, ნუგომ მოიგო.) მოკლედ, ზურა და ნუგო მრევლს შეუერთდნენ, თუმცა წმინდა გზას მალევე გადაუხვიეს და ქალაქის მოშორებით, პატარა გუბესთან, ბაყაყი გაბერეს. უფრო სწორად, ზურამ გაბერა. ტრაკში ხმელი ბალახი გაუკეთა და სული შეუბერა. შემდეგ წყალში ჩააგდეს. დიდი მცდელობების მიუხედავად, ბაყაყი წყალში ვერა და ვერ ყვინთავდა. ეს იყო ყველაზე სასაცილო და საინტერესო დღე ნუგოს ცხოვრებაში. შემდეგ ქალაქამდე ფეხით ჩამოისეირნეს. გზაში ზურა თავის ნადირობის ამბებს ყვებოდა: როგორ მოკლეს მწყერები სოფელში, როგორ გაარტყეს ერთ მწყერს სამმა კაცმა და როგორ იჩხუბეს გაფლეთილი მწყერის გამო, არა მე მოვკალი არა მეო. ალაგ-ალაგ ცოტა მისტიკასაც ურევდა, წმინდა ფრინველზე უყვებოდა, რომელსაც ვინც ესროლა, ზოგი გაგიჟდა, ზოგიც მოკვდა.. მსგავსი დაუჯერებელი ამბები ზურას ბლომად ჩამოჰქონდა ხოლმე სოფლიდან. თუმცა, სხვებთან ამ ამბებს არ ყვებოდა- დასცინებდნენ. ნუგო კი დიდებული აუდიტორია იყო. საინტერესო კითხვებსაც სვამდა და გულდასმითაც უსმენდა, შიგადაშიგ მითოლოგიურ პარალელებსაც ავლებდა.
ერთად ბევრ დროს არ ატარებდნენ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ზურა ნუგოს ერთადერთი მეგობარი იყო. ისე, დიდი მეგობარიც არ ეთქმოდა, ზურა უფრო ქუჩის ბიჭი იყო, ნუგო-კარგი მოსწავლე. ზურა ნუგოსთვის ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტია იყო სკოლაში და ქუჩაში, ხოლო თავის მხრივ, ნუგოსთან მეგობრობის გამო, ზურას მასწავლებლები სწყალობდნენ და მშობლებთანაც ნაკლები პრობლემები ექმნებოდა. როდესაც ზურა იტყოდა: ნუგოსთან ვარო, სახლში აღარ ნერვიულობდნენ და ტვინსაც არ უტყნავდნენ. ბევრჯერ უთქვამს ნუგოსთვის, თუ რამე , იცოდე, ერთად ვართო, ამ დროს ზურა რას აკეთებდა, ამის შესახებ ნუგო კითხვებს არ სვამდა. მაგრამ, ეს ყველაფერიც რომ არა, ერთად ყოფნა მაინც უსწორდებოდათ.
ნუგო რომ მივიდა ზურასთან, მზე უკვე ჩადიოდა და თბილი ნარინჯისფერი იღვრებოდა გარშემო. ზურა იტალიურ ეზოში, პატარა სახლში ცხოვრობდა, რომელიც უფრო სხვენს გავდა, აივნიდან პირდაპირ სახურავზე გადიოდი. ორი პატარა ოთახი ჰქონდა, ერთი საძინებელი, სადაც პირდაპირ იატაკზე ეგდო მატრასი და მეორე - მოსასვენებელი: პუფებით, ხალიჩით, კომპიუტერით, კარგი დინამიკებით, თბილი განათებებით და ფერად-ფერადი ნახატებით, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, ინდოეთიდან ჩამოეტანა.
- რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე შეჩემა - ზურას თვალებში გულწრფელობა ჩანდა. ერთმანეთს გადაეხვივნენ. ნუგო ცოტა დაბნეული იყო და გაუცხოებას გრძნობდა. არ იცოდა როგორ ეურთიერთა ამდენი ხნის უნახავ ადამიანთან. რა ეთქვა, რა არ ეთქვა, რაზე ესაუბრა, ამდენი ფიქრისგან გაჩუმებულიყო. მაგრამ ზურას უშუალობა და თავისუფლება ნუგოსაც გადაედო. იქვე, ტახტზე ჩამოსხდნენ.
- რას შვები, შეჩემა, რავა ხარ? - ზურამ მხარზე ხელი დაარტყა და გულიანად გაუღიმა. ასეთი გულწრფელი „რავა ხარ“ ნუგოს ცხოვრებაში არ მოესმინა. აპირებდა ეპასუხა, რავი შენო, მაგრამ ენამ თავისით დაიწყო ლაპარაკი ისე, რომ ნუგოსთვის ნებართვა არც უთხოვია.
- რავიცი, ხანდახან ვარსებობ თუ არა ვერ ვიგებ. მგონია, რეალობის შეგრძნებას ვკარგავ, ზოგჯერ მინდა ყველაფერი დავლეწო, განსაკუთრებით სამსახურში, ზოგჯერ მინდა ყველას დედის ტრაკი ვაგინო, განსაკუთრებით ავტობუსში და განსაკუთრებით ჭყლეტვის დროს, როცა ჯუჯღუნს იწყებენ, ზოგჯერ მინდა ბეისბოლის ბიტით მანქანის შუშები დავლეწო და ყველა გავსისხლო, როგორც ჯეტეას თამაშის დროს ვშვებოდით, მერე ძირს დაყრილ დოლარის მწვანე პაჭკებს გადავუარო. ზოგჯერ მინდა პრეზიდენტის სასახლე, სამება და პარლამენტი ერთდროულად ავაფეთქო 31 დეკემბრის ღამეს. ხანდახან კი უბრალოდ მინდა მთაწმინდიდან მზის ამოსვლას ვუყურო, პირველ სხივებს შევეგებო, შემდეგ ანძაზე ავიდე, ბოლო ხმაზე ვიღრიალო და გადმოვხტე. ერთი სიტყვით დედა მაქ მოტყნული! ნუ არა მიშავს რა, შენ რავა ხარ? - ნუგო უცბად გონს მოეგო და ენაზე ბატონობა გააგრძელა. კი, ყველაფერი მართალი იყო, რასაც ლაპარაკობდა, მაგრამ აქამდე არავისთვის ეთქვა, არც საკუთარი თავისთვის. ცოტა შეეშინდა. თითქოს ძალიან პირადი ნივთი სხვას ათხოვაო. მაგრამ ამ ლაპარაკმა ცოტა შვებაც მოგვარა, დაახლოებით ისეთი, ვალის დაბრუნებისას რომ იცის ხოლმე, ეგ გრძნობა კი ნუგოსთვის კარგად ნაცნობი იყო. სტუდენტობისას ბევრს თამაშობდა, ბევრი ვალიც ჰქონდა, ბევრსაც იტყუებოდა.
- ქამ ან დიუუუდ, რა დღეში ყოფილხარ? ეგ არაფერი, ყველას გვემართება. მეც ეგრე ვიყავი, მერე ანდაზა დავწერე და ყველაფერი საათივით აეწყო.
- ანდაზა?
ზურა ნუგოსკენ მიიწია, ყურთან ხმადაბლა ჩასჩურჩულა, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს ანდობდა.
- დედა თუ არ მოგეტყნა, ვერ დაიბადები! - ზურამ პაუზა გააკეთა, იფიქრებდით ნუგოს ანდაზის გააზრებისთვის დრო მისცაო - ჩემი დევიზი გახდა, ყოველ დედის ტყვნას, რომელიც თავს დამტრიალებს, როგორც დაბადებას, ისე ვუყურებ. და ეს ასწორებს. ჰაჰა.
ნუგოს გაეცინა, ანდაზამ დააფიქრა და ცოტა გვიან მიხვდა, რომ მართლა მშვენიერი სიტყვები იყო.
- კაი, ისე რას შვები, ეგზისტენციალური კრიზისის მიღმა?
- პროგრამისტად ვმუშაობ ჯი-ბი-სი ბანკში, მაგრამ რეალურად პრინტერში ფურცლებს ვაწყობ და თანშმრომლების კომპიუტერებზე ვინდოუსს ვაყენებ. შენ?
- მე რა მიჭირს, ექსპერტიზის ბიუროში ვარ, ტელევიზორში ხო გაგიგია, ვიღაც ჩემისა დააკავეს საეჭვო ნივთიერებით, რომელსაც ექსპერტიზა დაადგენს რა არიო, აი ეგ ექსპერტიზა ვარ მე. ნარკოტიკებს ვამოწმებ და ვწონი, თუ ვინმეს რამე ჩამოართვეს, ჩემთან მოაქვთ, მე ვაიასნებ რა და რამდენია. ხანდახან ცოტას ვტეხავ ხოლმე, ბრალდებულიც კმაყოფილია და მეც. - ზურამ ეშმაკურად ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა. სულაც არ ეწერა სახეზე, რომ რაღაც საიდუმლოს ამბობდა, პირიქით, ამით ოდნავ ამაყობდა კიდეც.
ნუგოს კი მისი თანამშრომელი გაახსენდა, რომელიც 5 ექსტაზის ფლობისთვის დააკავეს და მერე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ექსტაზის შემცველობა იქ საერთოდ არ იყო. საბოლოოდ, 8-20 წლამდე პატიმრობის სანაცვლოდ, 3000 ლარის გადახდა აკმარეს. მერე მისი თანამშრომელი ყვებოდა, როგორ მიაკითხა ბარიგას და დედის ტრაკი დააფარა თავზე. ხოდა, ნუგომ იფიქრა: შეიძლება ბარიგა არაფერ შუაშია და მართლა კარგი ექსტაზი იყო, უბრალოდ, ზურამ შეუცვალა და გაუჩალიჩა ბარიგასო, თვითონ კი ჰგონია, რომ კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ, ერთი ადამიანი შარისგან რომ იხსნა, მეორე გახვიაო, მოკლედ, არასდროს გეყოფა იმის ცოდნა, ზუსტად რომ მიხვდე შენი საქციელი კარგია თუ ცუდიო, ერთისთვის კარგია მეორისთვის ცუდიო, აბა როგორ უნდა გადაწყვიტო, როდის როგორ მოიქცეო... ეს ყველაფერი ნუგოს ტვინმა სინათლის სიჩქარით გაიფიქრა, კიდევ აპირებდა გაგრძელებას და კითხვებზე პასუხების ძებნას, მაგრამ ზურამ შეაწყვეტინა.
- ჩესნად რო გითხრა, მეც კი ვიცი ვინდოუსის გადაყენება და დისკებიც მაქვს, პროსტა, შენი ნახვა მინდოდა. რამდენჯერმე სიზმარშიც გნახე, ხანდახან შენზე ვფიქრობ ხოლმე, ოღონდ რატო, ხუ ივო ზნაეტ, თავისით ტივტივდება. მეთქი რას შვება ნეტა ნუგო, როგორ არი? გუშინ იქ ვიყავი, ბაყაყი სადაც გავბერეთ, იქვე პლანი მაქ დარგული ჰაჰა.. და ეგრევე ვიფიქრე, დავურეკავ ვნახავ-მეთქი.
- ძალიან გამიხარდა რო დამირეკე. - ნუგოს ამის სათქმელად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა ისევ ვალის დაბრუნების სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
- ჩემნაირად მაინც ვერ გადააყენებ. - კომპიუტერს მიუჯდა და გადაყენება დაიწყო. ზურა ოთახიდან გავიდა და ცოტა ხანში დაბრუნდა.
- რამდენ ხანი უნდა მაგ ამბავს?- 40-50 წუთში ყველაფერი იქნება.
- ოოო.... კაკ რაზ. გააღე პირი. - ნუგომ პირთან ერთად თვალებიც შიშისგან ორმაგად გააღო, ნეტა რას მიპირებსო. ზურამ ხელი პირთან მიუტანა.
- ნაჭამი ხო არ ხარ?
- არა, ვკვდები ისე მშია. - გაღებული პირით ლაპარაკი სასაცილოდ ჟღერდა.
- ძალიან კარგი, ფული არ მაქვს და ამით გადაგიხდი ჰაჰა. - ზურამ ჩაიცინა და ნუგოს ენაზე პატარა ქაღალდის ნაჭერი დაადო.
- კარგად ღეჭე ერთი 10 წუთი, ცუდს არაფერს გიზამს, თრასთ მი ბრო. სწორედ ის არის, რაც ახლა გჭირდება. ამის პატრონი სასწაულ სროკს გადავარჩინე. მთავარია, არაფრის არ შეგეშინდეს. აი უაბშეე არაფრის. - ზურა ნუგოსთან მიიწია და ბოლო სიტყვები ყურში ისე უთხრა, როგორც პიტერ პარკერს ბიძამისი - გახსოვდეს, შიში ილუზიაა.
- რას მიზამს? - ნუგო ზურას ნთქვამმა უფრო შეაშინა და დაიძაბა.
- დედას მოგიტყნავს! - საკუთარი პასუხით თვითმკმაყოფილმა ჩაიღიმა
.
ბარემ არც უნდოდა ნუგოს ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ რატომღაც ბავშვობიდან ასე იყო, რასაც ზურას სთავაზობდა, ვერაფერზე უარს ვერ ამბობდა. ერთხელ ერთ კლასელ გოგოს ტუჩებში აკოცა და მეორეს ზურგში ტარაკანა ჩაუგდო, ოღონდ რატომ, თვითონაც არ იცოდა. შეიძლება ზურას დაკარგვის ეშინოდა. თუმცა, ბოლოს, როდესაც ყველა დაყრილ ქოქოლას მოიცილებდა, მაინც მოსწონდა საკუთარი საქციელი და სადღაც, გულის სიღრმეში სიამაყის სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, რომელიც, სიმართლე უნდა ითქვას და, ზურასთან დაშორების შემდეგ თუ განუცდია, ვერ იხსენებდა.
ვინდოუსის დაყენებას ფაქტობრივად მორჩა. ნელ-ნელა კომპიუტერის ეკრანი დათბა და ჩამოიწელა. ნუგომ კლიავიატურა მიაგდო და ხალიჩაზე წამოწვა. თითქოს, მთელი სხეულის შიგნით ჭიაჭველებმა დაიწყეს სიარული. ჭიანჭველამჟავა არ ჰქონდა გასინჯული, მაგრამ ეგონა, მთელ სხეულში სწორედ ეს ნივთიერება ეღვრებოდა. ტვინი ჯერ არ შექმნილი კვანტური კომპიუტერივით მუშაობდა და ყველა ინფორმაციას, რაც ვინჩესტერზე ეწერა სასწაული სისწრაფით ამუშავებდა, ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებდა საოცარად სიმეტრიული გეომეტრიული ფიგურების მონაცვლეობის ფონზე. ეს იყო ფიქრის განუწყვეტელი პროცესი. გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა მშობლები, გაიხსენა ყველაფერი, რაც ეგონა, რომ არ ახსოვდა. ცოტა ცრემლიც მოადგა. ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე, რაზეც ტვინს შეეძლო. ოღონდ ცოტა შორიდან. თითქოს მანამდე, გუგლ მეფით ქუჩებში დადიოდა და ახლა რუკას ზემოდან დაჰყურებსო.
ამისთვის ზურას მიერ ჩართული ღვთაებრივი მუსიკა იდეალური იყო, სადაც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმოდა ფლეიტა, დასარტყამი ინსტრუმენტები და სანსკირიტზე წარმოთქმული გაურკვეველი ბგერები. შიგადაშიგ გეომეტრიული ფიგურები სხვადასხვა სამყაროს ქმნიდნენ. ხან მთებს, ხან ზღვებს, ხანაც ციურ სხეულებს, ხეებს, ცხოველებს. #კალეიდოსკოპი
ნუგო სადღაც მიღმა იდგა და აკვირდებოდა, თან ყველაფერს გონებით აანალიზებდა. მის ტვინს პასუხგაუცემელი კითხვები ბავშვობიდან აღიზიანებდა. შემდეგ სხვადასხვა, ძალიან ლამაზი იყო. ციცინათელებში ფრენა, ფერად და ციმციმა ოკეანეში ცურვა. სამყაროს შექმნის ისტორია ერთ ფირზე. ასეთ რამე არც ფილმში ენახა, არც სიზმარში, არც წიგნში წაეკითხა, არც ვინმესგან სმენოდა.
ფიქრი წამით არ შეწყვეტილა, არც გეომეტრიული ფიგურების მდინარება, ერთი რაც შეიცვალა იყო ის, რომ ნელ-ნელა ნუგო ტვინი გათამამდა, ახლა თვითონ დაიწყო სამყაროში ჩარევა, ახლა თვითონ ქმნიდა რასაც უნდოდა იმას და ეს ძალიან მოსწონდა. სიზმარში გაღვიძებას გავდა, როცა აცნობიერებ რომ სიზმარში ხარ და რასაც გინდა იმას აკეთებ. მაგარ ნაშას ხედავ საჯარო ადგილას, ხალხის თანდასწრებით. რომელთან სექსზე სულ ოცნებობდი, მაგრამ გეუხერხულებოდა ან იკრძალავდი. სიზმარში ხან აქედან უვლი, ხან იქიდან, ეპრანჭები.პირს უსინჯავ, მერე წამის მეასადში აცნობიერებ რომ სიზმარში ხარ და ბრახ! ბოდიშის მოუხდელად ტყნავ! ერთი განსხვავება იყო, არა ორი. ეს უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა და ტრუსებში სისველე არ უგრძვნია. არც უხერხულობა, მოტყნული სუბიექტის და საკუთარი თავის მიმართ.
პარალალურად სხეული კომფორტულ პოზას ეძებდა და იკლაკნებოდა, თითქოს ეს-ესაა შიგნით დიდმა გველმა გაიღვიძა და გამოსვლა სწყურიაო. ხან კისერს ატრიალებდა, ხან ხელებს. ხან იფიქრებდი, ახლა ადგა და იზმორებაო. ნუგო თავის სამყაროს შექმნას განაგრძობდა და ენითაღუწერელ სიამოვნებას განიცდიდა. ვარსკვლავებს აგროვებდა, ჩრდილოეთის ციალს ყნოსავდა, ირმის ნახტომზე დასრიალებდა. ღრუბლების თავზე დაფრინავდა, ღრუბლებიდან მწვერვალებს ამოაყოფინა თავი და ყოვლისშემძლე ბრიუსივით მთვარე მოინათა. შემდეგ რაღაც აირია, თეთრ ღრუბლებში ერთი შავი ლაქა გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა მეტასტაზივით ედებოდა ყველაფერს. შიში- უცნაური, ზიზღნარევი, რომლის მსგავსიც მხოლოდ კოშმარებში უგრძვნია, ისიც მხოლოდ წამიერად, რადგან მალე ეღვიძებოდა. აქ ვერ იღვიძებდა. შავი წერტილი დიდ მორევად გადაიქცა. რაც უფრო ცდილობდა მის მართვას, მით უფრო უმართავი ხდებოდა, რაც უფრო ფიქრობდა რომ არ ეფიქრა, მით უფრო ფიქრობდა. მთელი სხეული შეუცნობელმა შიშმა მოიცვა. თითქოს საშინელი მატლები დახვეოდნენ მთელ სხეულზე და ტავს ვერ აღწევდა. ხვდებოდა რომ განწირული ბრძოლა იყო. მალევე გაახსენდა ზურას დარიგება შიშებზე და ილუზიებზე. მიხვდა რომ ეს ყველაფერი მის ტვინი იყო, თვითონ იყო.
ნუგომ ღრმად ამოისუნთქა, მოდუნდა, ბედს მიენდო, რაც არი არი, მაგის დედაც მოვტყან განა რა უნდა მიქნასო და შავ მორევს ჩაყვა. დაბნელდა. ნუგო სადღაც ჩაიძირა.
ერთ მომენტში სხეულმა კომფორტული პოზა იპოვა და ამ დროს ფიქრიც შეწყდა. ეს ორი მომენტი საოცარი სიზუსტით დაემთხვა ერთმანეთს. და ამ ორ მომენტს ასევე საოცარი სიზუსტით დამეთხვა მესამე მომენტი. რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ნუგოს ცხოვრება.
აფეთქება.
დახუჭულ თვალებში, სრულ სიბნელეში, მოულოდნელად თბილი ოქროსფერი აფეთქდა. თითქოს მზის გულზე იყო და ყველა მზის სხივი მასში შედიოდა და გამოდიოდა. თითოქს მთელი სხეული აფეთქდა და გაიშალა, იქ, სადაც არ არსებობდა დრო და სივრცე. შეგძნება ყველაზე მეტად ორგაზმს გავდა, თუმცა უსასრულოჯერ უფრო სასიამოვნო, სხეულის ყველა წერტილიდან სპერმას ასხამდა გაუთავებლად. და ხვდებოდა რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მარადიული.
თუ მანამდე ყოველთვის ჰქონდა ის შეგრძნება, რომ ილუზიურ სამყაროს უყურებდა და მთელი ეს ხილვა მისი ქვეცნობიერის ეკრანიზაცია იყო, ახლა, ამ უცნაური ოქროსფერის ნამდვილობაში ბოლომდე დარწმუნებული იყო, მეტიც, ამაზე ნამდვილი არასდროს არაფერი ენახა, არასდროს არაფერი ეგრძნო, არც ფხიზელ და არც არაფხიზელ მდგომარეობაში.
აქ ფიქრი შეწყდა და მოვიდა სიმშვიდე, ღრმა და ყოვლისმომცველი, რომელიც სადღაც მუცლიდან დაიბადა და მთელ სხეულს მოედო. გაჩერდა ტვინი, მაგრამ რაღაც უცნაური ფიქრი მაინც დარჩა. უფრო ინფორმაციის ნაკადს ჰგავდა, რომელიც მზის სხივებთან ერთად მთელ სხეულში შემოდიოდა და ეს უკანასკნელიც აღტაცებით ეთანხმებოდა თითოეულ ინფორმაციას, „ხო, ხო, ეგ არის.“
ძალიან უნდოდა ეს ემოციები რამენაირად გამოეთქვა, მაგრამ როგორც კი სიტყვების თავმოყრას აპირებდა, ხვდებოდა, რომ ყველაფერი უაზრო და სასაცილო ხდებოდა. მაგრამ როგორმე უნდა გაეზიარებინა ზურასთვის, ამდენ რამეს მარტო ნუგო ვერ დაიტევდა. მოულოდნელად ენამ თავისით წამოიძახა „განვსხივოსნდი,“ და ნუგო მომენტალურად მიხვდა, რომ ეს ერთი სიტყვა იდეალურად აღწერდა განცდილს. ამ სიტყვის პოვნამ ძალიან გააბედნიერა. თვალები გაახილა. ლოტოსის პოზაში მჯდარა, თავაწეული.
შემდეგ ისევ თვალები დახუჭა, ისევ ოქროსფერი. ისევ მარადიული ნეტარება დროისა და სივრცის მიღმა. ღვთაებრივი მუსიკა და სანსკრიტზე ბურდღუნი, რომელიც ნელ-ნელა ქართული საგალობელივით ისმოდა. ხმა იმატებდა და იმატებდა. ნუგომ ყური დაუგდო, ეს ხმა არ იყო დინამიკებიდან. ეს ხმა არ იყო არსაიდან და ეს ხმა იყო ყველა მხრიდან. ეს ხმა იყო ძალიან შორს და ძალიან ახლოს. და ხმა გალობდა, საოცრად, ჰაეროვნად, ღვთაებრივად. ყველაზე მაღალი ხარისხის დინამიკიდან. თუკი ასეთი არსებობს. ხმასთან ერთად თეთრებში მოსილი უცნობი ადამიანის ფიგურაც გამოიკვეთა, შარვანდედზე ეტყობოდა ვიღაც წმინდანი უნდა ყოფილიყო. და ვიღაც წმინდანი გალობდა:
„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲდა მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“.
და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა,
–და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.და ესე ენაჲ შემკული
და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ. „
გაგრძელება იქნება ...
Comments